ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი, შესაძლოა, საკმარისად ძლიერი იყოს საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო
თქვენ, შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, – ამის შესახებ თელ ავივში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენი ასევე მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას საგანგებო მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით „რკინის გუმბათის“ მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების კვალდაკვალ, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის მკაფიო გაფრთხილება რეგიონში მოქმედი სხვა ძალების მიმართ, არ ჩაერთონ ამ კონფლიქტში.
ბლინკენის თქმით, აშშ ასევე მუშაობს მძევლების გათავისუფლების საკითხზე.