ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს ახალი სანქციები გამოცხადდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად, რის გამოც თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გარდაუვალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები დღეს გამოცხადდება. სანქციები, მათ შორის, მოიცავს ზომებს ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიის წინააღმდეგ.
„ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, გავაფრთხილეთ პირად საუბრებში, რომ ეს ნაბიჯი სახიფათო ესკალაცია იქნებოდა. რუსეთმა უკვე მიიღო ამ რაკეტების რამდენიმე პარტია“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, რუსეთი ამ შეიარაღებას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენებს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ ისინი რუსეთში იარაღს აგზავნიდნენ. ირანი რუსეთს საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის, მაგრამ ბოლო დრომდე თავს იკავებდა უფრო მძლავრი იარაღის გადაცემისგან. 6 სექტემბერს გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“, ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკვე გადასცა მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები.