ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთმა კუბაზე განათავსა ბაზა, რომელსაც აშშ-ის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა კუბაზე განათავსა ბაზა, რომელსაც აშშ-ის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინი მსგავსი ბაზების მოწყობას სხვა ქვეყნებშიც ცდილობდა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში თეთრი სახლის ლიდერი ინფორმირებული იყო პეკინის ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიმართული იყო მთელ მსოფლიოში ლოგისტიკური ბაზების გაფართოებისკენ, რაც მიზნად ისახავდა სამხედრო მიზნებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას. მისივე თქმით, ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს მოახდინა კუბაზე მდებარე დაწესებულებების მოდერნიზაცია, რომლებიც სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად აშშ-ის წინა ადმინისტრაციების გარკვეული ძალისხმევისა, ჩინეთის ქმედებების საპასუხოდ საკმარისი ზომები არ იყო მიღებული, ამიტომ ბაიდენმა გასცა განკარგულება, რომ ჩინეთის ამ საქმიანობის მიმართ უფრო მეტი წინააღმდეგობა იყოს გაწეული.
ბლინკენის ინფორმაციით, ამის შემდეგ გატარებული იყო გარკვეული ზომები, რომელთა შესახებაც ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა და რომლებმაც შედეგი გამოიღო. თუმცა, დეტალებზე სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ეკონტაქტებოდა იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც ჩინეთი სადაზვერვო ბაზების განთავსებას ცდილობდა.
ცნობისთვის, მანამდე გავლენიანმა გამოცემებმა, „უოლ სთრით ჯოურნალმა“ და „პოლიტიკომ“ გაავრცელეს ცნობა, რომ ჩინეთს სადაზვერვო ბაზა აქვს გახსნილი კუბაზე. მათივე ცნობით, ჩინეთს ამ ბაზის გამოყენებით ხელი მიუწვდება აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ელექტრონულ კომუნიკაციებთან და აქვს საშუალება, უთვალთვალოს ამერიკული გემების გადაადგილებას.