ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს არ გაუწევს ლეტალური იარაღით დახმარებას უკრაინაში გამოსაყენებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთი რუსეთს არ გაუწევს ლეტალურ დახმარებას უკრაინაში გამოსაყენებლად. ენტონი ბლინკენმა აღნიშნული განცხადება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან საუბრის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, მიიღო თუ არა მან გარანტიები ჩინეთისგან, რომ ჩინეთი არ გაუწევს ლეტალურ დახმარებას რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ეს არ არის დღეს ახალი.
„ეს არის ის, რაზეც ჩინეთმა ისაუბრა გასული კვირების განმავლობაში და არაერთხელ თქვა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთაც გამოთქვეს შეშფოთება, რომ ისინი არ გაუწევენ ლეტალურ დახმარებას რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ეს არის მნიშვნელოვანი ვალდებულება და ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკა. როგორც ვთქვი, ჩვენ ახლა ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც ამას ეწინააღმდეგება“, – უპასუხა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი და სი ძინპინი ერთმანეთს 2018 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ. ორივე ქვეყნის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ დიპლომატებმა განიხილეს ტაივანის საკითხი, ვაჭრობის თემა, ასევე, ისაუბრეს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნებაზე.