ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მოლდოვას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონ დოლარს გადასცემს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონი დოლარის გადაცემას დაჰპირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აპნიუსი“ ავრცელებს. ბლინკენმა ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბლინკენის თქმით, ამ თანხიდან 85 მილიონი დოლარი დაიხარჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის, ხოლო 50 მილიონი დოლარი ფერმერული მრეწველობის აღდგენასა და დეზინფორმაციის შეკავებას მოხმარდება.
„ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოველების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან ჩარევას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელონ გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ჰქონდეთ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები“, – განაცხადა ბლინკენმა.
მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერა, ერთობლივი თავდაცვის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრაღაში ყოფნისას ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მიზანია, ლიდერებმა განიხილონ ნატო-ს მომავალი სამიტის პრიორიტეტები.