ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის ყურადღება ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აქცენტი ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს. ამის შესახებ ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღება გამახვილებულია ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გახანგრძლივდეს პაუზა ღაზიდან მეტი მძევლის გათავისუფლებისთვის და ღაზის სექტორში მეტი დახმარების მოსახვედრად“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, მან განუცხადა ისრაელს, რომ ვიდრე სამხედრო ოპერაციებს დაიწყებენ, უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და რომ ისრაელმა უნდა გადადგას „უფრო ეფექტური ნაბიჯები“ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ისრაელმა უნდა გამოყოს სივრცეები სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში, სადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებენ თავშესაფრის პოვნას და უსაფრთხოდ ყოფნას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი თავდასხმა ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა საავადმყოფო, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
„ჰამასთან“ დაკავშირებით ბლინკენმა აღნიშნა, რომ მათ „არჩევანიც აქვთ“.
„მათ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები და ისრაელს გადასცენ ისინი, ვინც ხელმძღვანელობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, ბლინკენის განცხადებით, აშშ კვლავაც მხარს უჭერს ისრაელის მიზანს – ღაზაში „ჰამასის“ აღკვეთას და აღნიშნა, რომ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმა „ხაზს უსვამს“ ტერორისტული ჯგუფის განზრახვებს.
როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ომის კაბინეტის დანარჩენი წევრები დაეთანხმნენ აშშ-ის მიდგომას, რომ თავიდან უნდა აიცილონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.