აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 მარტიდან ევროპაში ტურნეს იწყებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა.
მათივე ცნობით, ტურნე მოიცავს გაფართოებულ კონსულტაციებსა და კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე, წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის თაობაზე.
ვიზიტების დროს ბლინკენი ასევე განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების საკითხებს, დემოკრატიის წახალისებასა და ადამიანის უფლებებს, ასევე უფრო ღრმა ეკონომიკურ და ენერგო თანამშრომლობას ბალტიელ მოკავშირეებთან.