ენტონი ბლინკენი - 2024 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
2024 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სეულში, დემოკრატიის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობა საარჩევნო პროცესებში ჩაერევა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
„წელს მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიდის არჩევნებზე. გამორჩეული საარჩევნო წელია სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოქალაქეები და კანდიდატები წააწყდებიან სიცრუის ნაკადს, რომელიც ჩაახშობს სერიოზულ საჯარო დებატებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭიროა სოციალური მედიის ძლიერი კამპანიების წახალისება, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ინფორმაციის გამოვლენა მოხდეს.
„ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი მკვეთრად აჩქარებს ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს, მაგრამ ამან ასევე შექმნა დეზინფორმაციის ტალღები, რაც აძლიერებს პოლარიზაციას და დაბნეულობას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების განვითარების წესებზე. მანამდე ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.