ენმ - შეწყდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინაში ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს.
მათი თქმით, იწყებენ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.
ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისა არის შეთხზული.
„მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი.
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან.
ჩვენ მკაფიო პოზიცია დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება.
თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერმა ხმამაღლა გამოხატოს.
მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.