ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ენგურის ხიდზე ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მიაბრძანეს.
ჩატარდა სამშვიდობო პარაკლისი საქართველოს ერთიანობისთვის. წმინდა ნაწილების მოლოცვის საშუალება ჰქონდა ყველა ადამიანს, ვინც კი იმ დროს ენგურის ხიდზე გადაადგილდებოდა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებმა თითქმის მთელი საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოიარა.
წმინდა ნაწილები ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გუშინ მესტიიდან გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა. ხვალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.
წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოასვენეს.