ენგურჰესზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2018 წელს დაიწყება
ენგურჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოპოგრაფიული სამუშაოების წარმოება დასრულდა, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ენგურჰესზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებისთვის.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ–კულტურული ზონის სტრატეგიული გეგმა, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.