„ენგურჰესისა“ და თბოსადგურების წარმომადგენლები სემეკ-ის გადაწყვეტილებას მიესალმებიან
„ენგურჰესისა“ და თბოსადგურების წარმომადგენლები სემეკ-ის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, დამტკიცებული ტარიფი უზრუნველყოფს სადგურის გამართულ მუშაობას და 2018-2020 წლებში საინვესტიციო გეგმის შესრულებას. კერძოდ, მომდევნო წლებში „ენგურჰესზე“ იგეგმება 134,5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც გვირაბში და კაშხალზე სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებას მოიცავს.
რაც შეეხება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ თბოელექტროსადგურებს, მათთვის ტარიფი დოლარის მოქმედი კურსის გათვალისწინებით დამტკიცდა. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ სასურველია მეთოდოლოგია შეიცვალოს, რათა კურსის მერყეობის შემთხვევაში წარმოების ტარიფი მყისიერად შეიცვალოს.
„ენგურჰესის” ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 1.496 თეთრიდან 1.818 თეთრამდე გაიზარდა, „ვარდნილჰესების კასკადისთვის” კი 2.880 თეთრიდან 4.002 თეთრამდე. „გარდაბნის თბოსადგურის” წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, „ჯიფაუერის” – 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, „მტკვარი ენერჯის” – 11.358 თეთრიდან 11,512 მდე გაიზარდა, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” ტარიფი კი – 10.963 თეთრიდან 11.511-მდე გაიზარდა.