ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული
ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული.
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტით, ენერგოეფექტურობის სავალდებულო სქემაში ჩართული ენერგიის გამანაწილებლის მიერ საბოლოო მოხმარების წლიური ენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა პირის დაჯარიმებას გამოიწვევს.
კერძოდ, ცვლილებებით, სახელმწიფო ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურების ან სუბსიდიების მიმწოდებლების მიერ გაზომვისა და დადასტურების სისტემის ინტერნეტპლატფორმაში ინფორმაციის განუთავსებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 1000-დან 5000 ლარამდე. ასევე პროექტის თანახმად, ენერგომიმწოდებლისა და ენერგოგამანაწილებლის მიერ ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 20 000-დან 100 000 ლარამდე.
ამასთან, ინიციატივის მიხედვით, საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის, სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის, გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის განუხორციელებლობა, სამინისტროსთვის ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა, ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის შეუტყობინებლობა და ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 000 ლარიდან 100 000-ლარამდე.
აგრეთვე, კანონპროექტის მიხედვით, გადაცემის ან განაწილების სისტემის ოპერატორების მიერ სისტემების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სამინისტროს მიერ დადგენილი ეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.
ასევე, ცვლილებების თანახმად, ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგიის მოხმარებისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ავტორი საქართველოს მთავრობაა.