„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობისთვის დღის განმავლობაში განახლდება
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური და შესაბამისი ტექნიკა დასავლეთ საქართველოში კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაოებში დახმარების მიზნით, კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალიდან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები უკვე ჩავიდნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროქსელი ძლიერმა ქარმა დააზიანა, რომელიც გუშინ ღამით კიდევ უფრო გაძლიერდა. რამდენიმე ადგილზე ქარის გამო მოგლეჯილი ხე ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა.
დასავლეთ საქართველოში გათიშული აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს განახლდა, თუმცა ღამით ქარის გაძლიერების გამო რამდენიმე ადგილზე ელექტროქსელი კვლავ დაზიანდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღის განმავლობაში აბონენტების უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.
ორი დღეა, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები შექმნა, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ადგილებზე სპეციალური შტაბებია შექმნილი.