„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართება
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები დღეს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებთან ერთად, ხელფასები ზრდის მოთხოვნით აქციას გამართავენ. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 50 პროცენტით ზრდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს მექანიზმის გამართვა იქნება.
„ჩვენი მოთხოვნებია ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მექანიზმის გამართული მუშაობა, შრომის უსაფრთხოების საკითხების გამართულობა და შესაბამისად, პროფკავშირების ჩართულობა, პროფკავშირების წევრებისა და ლიდერების მიმართ ზეწოლის აღკვეთა. ჩვენს ამ მოთხოვნებს, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ, ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დღევანდელ აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა აქციები პრობლემების გადაჭრამდე არ შეწყდება.
„დაახლოებით, 4 500 ადამიანის ხელფასების ზრდას ვითხოვთ, ეს ტექნიკური პერსონალია, რომელთა ხელფასი არის იმდენად დაბალი, რომ დასაქმებულები თავად ტოვებენ სამსახურს ამ პირობებში. ზეწოლა ხდება პროფკავშირებზე, რომ ბევრი ადამიანი არ შეუერთდეს აქციას“, – განაცხადა ამირან ზენაიშვილმა.