„ენერგო-პრო-ჯორჯია” სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
„ენერგო-პრო-ჯორჯია“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და ახალ კურსდამთავრებულები, ასევე პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიაში ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ.
სტაჟირების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ დასაქმდებიან.
კომპანიის სათაო ოფისის გარდა, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისში, ბათუმში, ხაშურსა და თელავშიც გაივლიან.
პროექტის მონაწილე სტუდენტები ენერგეტიკის სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და შეისწავლიან.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც წელს მეორედ ხორციელდება, კომპანიაში რვა ახალგაზრდა უკვე დასაქმდა.
კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებთან საინფორმაციო სახის შეხვედრას 20-21 ივნისს გამართავენ. სტაჟირების გავლის მსურველები კი, რეგისტრაციას 19 ივნისის ჩათვლით გაივლიან.