„ენერგო-პრო ჯორჯია“ - კრიპტოვალუტის მაინინგის გამო, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია
მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, – ამის შესახებ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო ,,ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას.
შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს.
ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.