ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება თავის ტვინის ფუნქცია დაარღვიოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან შერევამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური ფუნქციების ხანგრძლივი პრობლემები.
კვლევა იტალიის კალიარის უნივერსიტეტისა და კატანიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა. მკვლევრებმა მოზარდ მამრ ვირთხებს მისცეს ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი ან ორივეს ნაზავი. ამის შემდეგ, სხვადასხვა სტანდარტული ექსპერიმენტით შეაფასეს მათი კოგნიტური ფუნქცია. გამოიყენეს თავის ტვინის სკანირებები და ქცევითი ტესტები — დალევიდან მომდევნო 53 დღის განმავლობაში.
ტესტებმა ცხადყო, რომ ცხოველებს, რომლებსაც ორივე სასმლის ნაზავი მისცეს, აღენიშნათ მუდმივი ცვლილებები სწავლისა და მეხსიერების უნარში; ცვლილებები ასევე დაფიქსირდა თავის ტვინის ჰიპოკამპუსში — ტვინის ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე.
„ცოტა რამ არის ცნობილი, აქვს თუ არა მოზარდობის პერიოდში ამ სასმელების კომბინაციის სმას გრძელვადიანი ეფექტი ცენტრალურ ფუნქციაზე, რაც აჩენს კითხვას იმ რისკის შესახებ, რაც ამ ჩვევას შეიძლება ჰქონდეს თავის ტვინის მომწიფებაზე“, — წერენ მკვლევრები.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ახალგაზრდებში ალკოჰოლიც პოპულარულია და ენერგეტიკული სასმელებიც — იქნება ეს ღამის წვეულებები თუ ღამის ლექციები. ამ კვლევის შედეგები კი ის არის, რომ ამ ჩვევებმა შეიძლება გარკვეული გრძელვადიანი ეფექტები გამოიწვიოს.
კერძოდ, როგორც ჩანს, იცვლება ჰიპოკამპუსის პლასტიკურობა, რაც აზიანებს თავის ტვინის უნარს, შეეგუოს და შეიცვალოს ახალი ინფორმაციისა და მოთხოვნების საპასუხოდ. ეს კი თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების გადამწყვეტი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ თაგვებს, რომლებმაც ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები მიიღეს, თავდაპირველად თავის ტვინის გარკვეული საზომებისა და ფუნქციების გაძლიერება აღენიშნათ, მათ შორის, ცილების მატება, რაც ნეირონების ზრდას განაპირობებს — ამ ბენეფიტებმა დიდხანს არ გასტანა და სინამდვილეში, დროთა განმავლობაში თავის ტვინის უნარები შემცირდა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მოზარდობის პერიოდში ენერგეტიკულ სასმელებთან შერეული ალკოჰოლის მოხმარება იწვევს ჰიპოკამპის ადაპტირებულ ცვლილებებს ელექტროფიზიოლოგიურ და მოლეკულურ დონეზე, რაც დაკავშირებულია ქცევით ცვლილებებთან, რაც თავის მხრივ უკვე დაფიქსირებადია მოზარდობის პერიოდში, სრულწლოვანებამდე“, — წერენ მკვლევრები.
შედეგებს ადამიანებზე დადასტურებაც ესაჭიროება და სავარაუდოდ, ჰორმონებთან ურთიერთქმედების გამო, სხვაობა იქნება სქესებს შორის, რისი შემოწმებაც მკვლევრებმა თაგვებზე ვერ შეძლეს. თუმცა, მათ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ენერგეტიკული სასმელების ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის შეახებ არსებული შეშფოთებები სამართლიანია. ალკოჰოლს თავის მხრივ ისედაც მრავალი მავნე გავლენა აქვს და ლოგიკურია, რომ ამ ორის ერთმანეთში შერევა ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა.
ახალგაზრდა ვირთხებისთვის მიცემული ალკოჰოლის რაოდენობა ადამიანისთვის უზომოდ დალევის ეკვივალენტი იყო, რაც საკმაოდ გავრცელებული ჩვევაა მოზარდებში. მკვლევრებს ახლა უკვე იმის დადგენა სურთ, რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი შედეგები.
„საერთო ჯამში, მონაცემთა მთელი კრებული ძლიერ მიუთითებს, რომ მოზარდობის დროს, ალკოჰოლში შერეული ენერგეტიკული სასმელების მიღებას შეიძლება ჰქონდეს ისეთი შედეგები, რომლებიც სულაც არ არის ის, რაც მხოლოდ ცალკე ალკოჰოლის ან ენერგეტიკული სასმელების სმის შედეგად მიღებულ შედეგთა ჯამი იქნებოდა, იგულისხმება გამუდმებული ზემოქმედება ჰიპოკამპუსის პლასტიკურობაზე“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Neuropharmacology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.