„ენერგეტიკული გაერთიანება“ - საქართველო, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმებს განაგრძობს
ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, საქართველო აგრძელებს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი მეორადი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, COVID-19 კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, – ნათქვამია „ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალურ რელიზში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ენერგეტიკული გაერთიანების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.
გაერთიანება განმარტავს, რომ კანონმდებლობა გასული წლის ბოლოს მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად არის მიღებული.
რელიზის თანახმად, საქართველოში ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა და დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ითვალისწინებს ქვეყანაში როგორც ორმხრივი, ისე ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრების ეტაპობრივ განვითარებას და, ასევე, გარდამავალ პერიოდში, ბაზრის სრულ გახსნამდე, სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფას.
„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაზე მომუშავე გუნდს, რომელშიც შედიან სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიისა და ბიზნესის წარმომადგენლები. დღევანდელი რთული პირობების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად დროულად მოამზადეს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს უმთავრესი ნაბიჯია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლემ.