ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, თემაზე – „ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები” საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმის განხილვა იყო.
საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით და აგრეთვე, საქართველოს „ენერგეტიკულ ქარტიასთან“ მიერთების შედეგად, ქვეყანა ვალდებულია, ენერგეტიკის დარგში მოქმედი კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. აქედან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი „ენერგეტიკის შესახებ“, რომელიც ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვის, ორგანიზების, რეგულირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, რამაც საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყლით ყველა კატეგორიის მომხმარებლების უწყვეტი და სტაბილური მომარაგება უნდა უზრუნველყოს.
კანონპროექტის ავტორი „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა”. როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად, ჯერ უცნობია.