ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე
ევროკავშირი მზადაა, სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა. სიმსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის იმპორტში რუსული გაზის წილი 2021 წლის 45%-დან 2024 წლის ივნისისთვის 18%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ისეთი სანდო პარტნიორებისგან იმპორტი, როგორებიც არიან ნორვეგია და აშშ, გაიზარდა.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად განვაგრძობთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერას“, – განაცხადა სიმსონმა.
დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიში 2024 წლისთვის. ანგარიში აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდა ევროკავშირი უპრეცედენტო გამოწვევებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.
ცნობილია, რომ რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს სრულდება და კიევი მას არ გააგრძელებს. ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების შესახებ, რადგან ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი როლი სატრანზიტო ქვეყნად.