ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს - ბიძინა ივანიშვილი თქვენს წონაში არ გამოდის და პირი გამოირეცხეთ, როცა მასზე ლაპარაკობთ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ, ენძელა მაჭავარიანმა ხატია დეკანოიძეს თავის წარდგენა მოსთხოვა და მოუწოდა, დაეკონკრეტებინა, ვინ იყო.

თავის მხრივ, დეკანოიძემ თავის წარდგენა დეპუტატ კარლო კოპალიანს მოსთხოვა და ჰკითხა, იყო თუ არა თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

დეკანოიძის საპასუხოდ, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ სამი მოწვევის დეპუტატია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებზე სცემეს. “რატომ მცემეთ, შეგიძლიათ, მითხრათ?”, – მიმართა კოპალიანმა დეკანოიძეს.

დეკანოიძისა და კოპალიანის კამათში ენძელა მაჭავარიანიც ჩაერთო, რომელსაც დეკანოიძემ მიმართა – “ბიძინა ივანიშვილთან” წადით.

დეკანოიძის აღნიშნულ რეპლიკას მაჭავარიანმა უპასუხა. “ბიძინა ივანიშვილი თქვენს წონაში არ გამოდის. პირი გამოირეცხეთ, როცა ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობთ. ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ და ჩვენ გველაპარაკეთ. კარლო კოპალიანი რატომ სცემეთ? მასხარები თქვენსკენ მოიკითხეთ, თქვენი ჯამბაზი ნიკა მელია აქ იჯდა და ფორმა ჩააცვით. საზოგადოებაში თქვენი გამოჩენა ყოველთვის პრობლემა იქნება”, – მიმართა დეკანოიძეს მაჭავარიანმა.