საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე (VinExpo Paris) ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.
„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. VinExpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და მასზე საქართველო 2015 წლიდანაა წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის შესახებ მწერალმა, ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებისთვის ჩაატარა.
„30 წელია, მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8 000-წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს ექვსი წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები“, – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.
პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით გაიმართა.