ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე - სააკაშვილის წონაში კლება ენდოკრინოლოგიური კუთხით გამოირიცხა, ესაა ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი
ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება ენდოკრინოლოგიური კუთხით გამოირიცხა და მადის დაქვეითება ფსიქოემოციურ ფონზეა განვითარებული.
„დაავადება, რომელმაც გამოიწვია წონაში კლება, ენდოკრინული კუთხით გამოირიცხა. ანუ ეს არის სუფთა ალიმენტური, სუფთა საკვებისმიერი ხასიათის“, – განაცხადა მან.
სოფო მებუკეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.
„თითქმის ცხრათვე-ნახევარი სრულდება, რაც პაციენტი ჩვენთან იმყოფება და ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ენერგეტიკული ბალანსი არის უარყოფით რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს დაახლოებით მესამედ ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ესაჭიროება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გვაქვს წონის კლების ასეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა დღეში, რაც გამოდის მის მიერ მიღებული, ათვისებული საკვებისა. საჭიროა სულ მცირე 1 700, მზარდი ტენდენციით. რასაკვირველია, შეთავაზებულ იქნა, თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, მადის დაქვეითება არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი, თუმცა შესაბამისი კლინიკოლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით, ყოველგვარი ორგანული გენეზისი და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით“, – განაცხადა სოფო მებუკემ.
სოფო მებუკეს განმარტებით, წონის კლებიდან გამომდინარე, კუნთოვან ატროფიას აქვს უკვე ადგილი. მისივე თქმით, სწორედ საკვებიდან მიღებული ცილების საშუალებით უნდა მოხდეს კუნთების კვლავ აღდგენა, სინთეზი.
„მის მიერ მოტანილი საკვებიდან დაახლოებით 600 კალორიამდეა (ზოგჯერ მესამედიც), რასაც ის იღებს, მაგრამ არა იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. არის, ფაქტობრივად, ყოველდღიური მცდელობა დარწმუნების, რომ პაციენტი თავად მივიდეს გადაწყვეტილებამდე, დაგვთანხმდეს იმ სახის კვებაზე, რომელიც მას ამ ჩიხიდან გამოიყვანს, გააუმჯობესებს მის მდგომარებას, რაც გამოიწვია წონის კლებამ.
თავისი ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე, აშკარა არის უარყოფითი ზეგავლენა, თუნდაც კვებასთან მიმართებით. თითქმის ათი თვის განმავლობაში, საბოლოო ჯამში, დაიკლო 37 კილო, რაც სრულიად ლოგიკურია. პაციენტისა და ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული საერთო ინტერესი, რომელსაც ექნება ერთადერთი მიზანი – პაციენტის გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა“, – განაცხადა სოფო მებუკემ.