ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილი დამხვდა გაბრაზებული, ყველას ვთხოვე, ორი კვირა მაცადეთ მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსაყვანად, დღეში სამ მნახველზე მეტი არ შევიდეს მასთან
ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შემდგომი პერიოდი თითქმის უკვე გავლილი აქვს, თუმცა მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსაყვანად დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.
როგორც ექიმმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, რომ დღეში სამ მნახველზე მეტი არ შევიდეს მასთან.
„პოსტშიმშილოს პერიოდის 99% გვაქვს უკვე გავლილი. გავიარეთ მშვიდად. ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველდღე ყველაფრის და ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად ვმუშაობდით. დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი, ტელევიზორით, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე, როგორც ექიმი ამაზე ვბრაზდები. ყველას ვთხოვე, მის იურისტებს, ამხანაგებს, ოჯახის წევრებს, რომ ორი კვირა მაცადეთ, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.
როგორც ექიმმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი დღეს, დღის ბოლომდე მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.
„შედის უკვე. ექიმებს შეგვატყობინეს, რომ შედის. დღის ბოლომდე შევა. გვქონდა ჩვენ მოლაპარაკებული თვითონ პაციენტთან. ნამდვილად არაჩვეულებრივად მოგვყვება პაციენტი ექიმებს. ვთხოვეთ, სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეგ უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის. როცა სამზე მეტია და რომელიმე დიდხანს რჩება, მერე ადამიანი, რომელიც ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება. რატომ გიკვირთ? ანალიზები სწორდება ნელ-ნელა. დღესაც გარკვეული პარამეტრები ისე გამოსწორდა, რომ მაგალითად ნუტრიები, რომელსაც ვაძლევდით პრეპარატის სახით, უკვე ამას ვხსნით. ვიცი, დღეს შევა ის ადამიანი, ვისაც ელოდება. თუ არ გამიბრაზდება ბატონო მიხეილი, ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ამას ვიტყვი. პირველივე დღეს, სამ ადამიანზე თხოვნა გვქონდა, ეგრევე დაგვეთანხმა. თავისივე ხელით დავაწერინე გვარები და სახელები, ვინ უნდა. სულ სხვა სია იყო, ახლა სხვა სიაა. მერე ვთხოვე, აქ მომიწერეთ, რომ ამ ადამიანს აქვს 30 წუთით შემოსვლის აქვს. მეუღლეზე და დედაზე თქვა, ერთი საათი მინდაო და კი ბატონო. ქვემოთ რომ მატანდა სიას, ვეუბნები, ხელიც მომიწერეთ. დღეს ველაპარაკე პაციენტს, არანაირად მე-18 დაწესებულებაში უკეთესად მე არასდროს არ ვყოფილვარო და უკეთესად აქ ვარო. მისი თხოვნით ვარ აქ ყოველდღე. არსებობს შიმშილიდან გამოსვლის პერიოდი, არსებობს ორგანიზმი. ყველაფერი სწორდება ადეკვატურად. ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი არ ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, გეუბნებით, რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა – მენტალური. ამაზე ლაპარაკობენ, ვინც ნახეს. ვარაუდით ამბობენ, რომ იქ იყო უკეთესად, თუმცა მე არ ვიცი. მე ვარ ენდოკრინოლოგი. კომპეტენცია მენტალური ჯანმრთელობის შეფასების აქვს მარტო ფსიქიატრს, მეტს არავის. ლაპარაკი მიდის უკვე პაციენტთან შეთანხმება. პაციენტის თანხმობა უნდა იყოს, რომელ ექიმზე გვაძლევს თანხმობას, ვინ შეიძლება, რომ შევიდეს“, – აღნიშნა ექიმმა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმაც მიიღო ნებართვა და ის ხვალ ან ზეგ მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.
ელენე გიორგაძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილთან ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შევლენ ერთად, რის შემდეგაც მათი დასკვნა გახდება ცნობილი.