ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე - კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე სულ ლაპარაკობენ, დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ
ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე - კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე სულ ლაპარაკობენ, დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ

ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან კვებაზე შეზღუდვა მოეხსნება. როგორც ექიმთა სახელმწიფო კონსოლიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, ენდოკრინოლოგებმა მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა დაასრულეს.

ამასთან, ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვარჯიში დაიწყოს, თუმცა ამის სურვილი არ აქვს.

„ხვალიდან კვებაში შეზღუდვა აღარ იქნება. ხვალიდან უკვე იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს კარგად. ცილის ნორმები აქვს ნორმაში. მაგალითად, ზოგჯერ გვჭირდებოდა ათი და თორმეტი აბის დამატება, რომ კალიუმის დონე გვემართა და ახლა საერთოდ აღარაა საჭირო. კალიუმიც მოხსნილია, მაგნიუმიც. რაც შეეხება ინსულინს და გლუკოზას, ისიც ნორმაშია. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია. ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა. რამდენი ხანია აქ არის, მანამდე იყო მეთვრამეტეში, სისუსტე ამისგან არის გამოწვეული, იქაც არ მოძრაობდა და აქაც. თვითონ არ აქვს სურვილი, ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინაც ვთხოვდით, რომ დაიწყოს ვარჯიშები, ამოიყვანეს ტრენერი, რომ მასთან ერთად ივარჯიშოს, რადგან სურვილი არ აქვს. ესეც დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, ივარჯიშოს და გახდეს უფრო ძლიერი. მენტალური ჯანმრთელობა მარტო ფსიქიატრების შეუძლიათ, შეაფასონ. კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, ამის მაგივრად დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ და მაშინ მკურნალობა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც იქნება უფრო გასაგები“, – განაცხადა გიორგაძემ.