„ენდიაის“ კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევისას კითხვები უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებითაც დაისვა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯამში გამოკითხულთა 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი (58 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (34 პროცენტი). ნეიტრალურ დამოკიდებულებას 5 პროცენტი აფიქსირებს.
ასევე, ჯამში გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი (16 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (56 პროცენტი) ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, ნეიტრალური – 16 პროცენტი.
გარდა ამისა, ჯამში გამოკითხულთა 71 პროცენტი აფიქსირებს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი (17 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (54 პროცენტი). ნეიტრალური – 16 პროცენტი.
ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვას. სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვას ჯამში ძალიან მნიშვნელოვნად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს 27 პროცენტი (აქედან 5 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 22 პროცენტი – მნიშვნელოვანი). ასევე, ჯამში 44 პროცენტი უთითებს, რომ სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. (19 პროცენტი – უმნიშვნელო, 25 პროცენტი სრულიად უმნიშვნელო). ამ საკითხისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება გამოკითხულთა 20 პროცენტს აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.