„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი. პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად (ცუდად და ძალიან ცუდად) აფასებს 17 პროცენტი.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე.
ინსტიტუტებს შორის მეორე ადგილზეა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის საქმიანობას ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს 24 პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 31 პროცენტი.
პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა – 15 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ხოლო უარყოფითად – 35 პროცენტი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს – 14 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 35 პროცენტი.
„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.