„ენდიაი“ - გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, ყველაზე ნაკლები, 5 პროცენტი კი სასამართლო სისტემას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.
გამოკითხულთა 34 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29 პროცენტი ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლო 19 პროცენტი მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განათლება. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 12 პროცენტი, 8 პროცენტი ადამიანის უფლებებს ასახელებს, სამართლიანობის აღდგენასა და სამართლიან არჩევნებს მიიჩნევს გამოკითხულთა 6 პროცენტი. ასევე, კვლევის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანებას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 6 პროცენტი, გარემოს დაცვას 5 პროცენტი, სასამართლო სისტემას 5 პროცენტი, ხოლო სხვას 16 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.