„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სამინისტროების საქმიანობაში შეფასების რეიტინგში იუსტიციის სამინისტრო ლიდერობს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სამინისტროების საქმიანობაში შეფასების რეიტინგში იუსტიციის სამინისტრო ლიდერობს.
კვლევის მიხედვით, იუსტიციის საქმიანობას გამოკითხულთა 28 პროცენტი კარგად აფასებს, 19 პროცენტი კი, ცუდად.
გამოკითხულთა 21 პროცენტი დადებითად აფასებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობას, 21 პროცენტი ცუდად.
კვლევის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 20 პროცენტი, 22 პროცენტი კი უარყოფითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.