ენდიაის კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში პირველ ადგილზეა კახა კალაძე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის დადებით შეფასებაში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. მის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 33 პროცენტი, ძალიან კარგად 10 პროცენტი, ცუდად 16, ხოლო ძალიან ცუდად 7 პროცენტი.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 19 პროცენტი კარგად აფასებს, ძალიან კარგად ერთი პროცენტი, ცუდად 21, ძალიან ცუდად 9 პროცენტი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს 17 პროცენტი, ძალიან კარგად 3 პროცენტი, ცუდად 17, ძალიან ცუდად 5 პროცენტი.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, კვლევის მიხედვით, მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკთხულთა 14 პროცენტი, ძალიან კარგად 2 პროცენტი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარადგენს.
აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.