ენდიაის გამოკითხულთა 60%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას დაუჭერს მხარს
ენდიაის გამოკითხულთა 60%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. კერძოდ კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, 60% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, 35% კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს.
ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, 27 პროცენტმა არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს. 16%-ის პასუხი ამავე კითხვაზე არის – „არც ერთი პარტია”. „ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისთვის მზადყოფნა 14%-მა გამოთქვა.
კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა. სამმა პროცენტმა თქვა, რომ ხმას „ევროპული საქართველოს” მისცემდა, ასევე 3% ერგო კვლევის შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსს”.
კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას – 65% ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას, 35% – არ მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, იმ 65%-დან, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, 44% ამბობს, რომ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას, 53% კი, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ვინც აპირებს არჩევნებზე მისვლას იმ 65%-დან 27%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პარტია/გაერთიანებას მისცემდა ხმას. მათგან 20% „ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, 15% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას გეგმავს, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას -13%. პასუხზე უარი თქვა -12%-მა, „ევროპულ საქართველოს” და „პატრიოტთა ალიანსს” ხმას მისცემდა – 4-4%, სხვა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერი ექვსი პროცენტია.