ენდიაი - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მობილიზებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი არ ჰქონია საჯარო მოხელეების მობილიზებას კამპანიაში მონაწილეობის მიღების/კანდიდატისთვის ხმის მიცემის მიზნით.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს ადგილი არ ჰქონია ამომრჩეველთა მოსყიდვას.
კითხვაზე, საარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ჰქონდა თუ არა ადგილი, გამოკითხულთა 59 პროცენტი უარყოფითად პასუხობს, ხოლო გამოკითხულთა 16 პროცენტი დადებითად.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველომ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.