„ენდიაი“ - გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ნატო-ში გაწევრიანებას კი, 71 პროცენტი უჭერს მხარს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი – გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხობს, რომ მიუღებელია, 78 პროცენტი – მისაღებია, 8 პროცენტი – არ ვიცი.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მხრივ სტაბილურობა ფიქსირდება.
ამასთან, კვლევაში კითხვა ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც დაისვა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და მაღალია – 71 პროცენტი.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17 პროცენტი – მიუღებელია, 71 პროცენტი – მისაღებია, 11 პროცენტი – არ ვიცი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.