ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ 2019 წელს კარიერას დაასრულებს, ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, ოთხი საათი და 14 წუთი ებრძოლა და ხუთ სეტში დამარცხდა – 4:6, 4:6, 7:6(5), 7:6(4), 2:6.
მარეი პირველ ორ სეტში ბრეიკამდე ვერ მივიდა, მესამეშიც ბრეიკით ჩამორჩა, რის შემდეგაც მოახერხა თამაშში გარდატეხა. ბრიტანელს მესამე და მეოთხე პარტიებში აღარ დაუთმია საკუთარი გეიმი და ორივე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, თუმცა, მეხუთე სეტისთვის ძალები აღარ ეყო. ბოლოსკენ, როცა მატჩის ბედი უკვე გარკვეული იყო, მაყურებელი მარეის ტაშს ფეხზე ამდგარი უკრავდა.