ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ს მთავარი მოწინააღმდეგე უწოდა.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ახლო პოლიტიკურ მოკავშირეებთან საუბრისას განაცხადა.
„ენბისის“ ინფორმაციით, ორბანის განცხადებების შესახებ ცნობა არსებობს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გავრცელდა. როგორც დასახელებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, 22 თებერვალს ორბანმა განაცხადა, რომ აშშ არის უნგრეთის სამ მოწინააღმდეგეს შორის.
„ეს წარმოადგენს ორბანის ანტიამერიკული რიტორიკის გაძლიერებას“, – წერია უნგრეთში აშშ-ის საელჩოს დოკუმენტში.
როგორც „ენბისი“ წერს, უნგრეთსა და აშშ-ს შორის მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომზე უნგრეთის პოზიცია. ბუდაპეშტი კიევის სამხედრო მხარდაჭერაზე უარს ამბობს და რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა მცდელობაში, შექმნას უნგრეთში საზოგადოებრივი აზრი, რათა ბუდაპეშტმა უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიცია შეცვალოს.
„არ არსებობს ალიანსის დიპლომატიური ან თუნდაც მეგობრული ზეწოლა, რომელსაც უნგრეთი წინააღმდეგობას არ გაუწევს“, – დაწერა ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა „ტვიტერში“.