„ენბისი“ აშშ-ის სენატორ ბობ მენენდესსა და მის მეუღლესთან დაკავშირებით პოლიციის დოკუმენტებს აქვეყნებს
აშშ-ის სენატორის, ბობ მენენდესის მეუღლემ 2018 წელს ავტომობილით ქვეითად მოსიარულე მოკლა, მოგვიანებით კი წყვილმა ახალი ავტომობილი მექრთამეობის სქემით შეიძინა, – ამის შესახებ აღნიშნულია სენატორ ბობ მენენდესთან დაკავშირებულ პოლიციის დოკუმენტებში, რომელსაც „ენბისი“ აქვეყნებს.
ინციდენტიდან ოთხი თვის შემდეგ ნადინ არსლანიანს და ბობ მენენდესს, სავარაუდოდ, ახალი „მერსედესი“ საჩუქრად გადაეცათ, რასაც ფედერალური პროკურორები ქრთამის აღების შეთქმულების ნაწილად განიხილავენ.
საავარიო ინციდენტი 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა, რომლის დროსაც ნადინ არსლანიანის ავტომობილი დაზიანდა. არსლანიანმა, რომლისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ, პოლიციას უთხრა, რომ ავტომობილს მართავდა მთავარ ქუჩაზე, როდესაც „მამაკაცი მისი ავტომობილის საქარე მინაზე შეხტა“.
პოლიციამ დაადგინა, რომ არსლანიანი დამნაშავე არ იყო, მამაკაცმა არ გადაკვეთა ქუჩა გზაჯვარედინზე ან დახაზულ გადასასვლელზე. პოლიციის ჩანაწერებში არ არის მითითებული, რომ არსლანიანს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ტესტი ჩაუტარდა.
ამერიკული მედია წერს, რომ არსლანიანმა მენენდესთან შეხვედრა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და მალევე დააკავშირა ნიუჯერსელ ბიზნესმენს, ვაელ ჰანას, რომელსაც კავშირი ჰქონდა ეგვიპტის მთავრობასთან. ჰანამ, სავარაუდოდ, წყვილი გააცნო მექრთამეობის სქემის სხვა ბრალდებულს, ბიზნესმენ ხოსე ურიბეს.
გავრცელებული ცნობით, ნადინ არსლანიანმა ვაელ ჰანას მიმართა, რომ ავტომობილი არ ჰქონდა. ბრალდების მტკიცებით, ინციდენტიდან რამდენიმე კვირაში არსლანიანი, მენენდესი, ჰანა და ურიბე შეთანხმდნენ, რომ მენენდესი დაუკავშირდებოდა პროკურორს, რათა დახმარებოდა ურიბეს თანამოაზრეს ავტომობილის სანაცვლოდ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბობ მენენდესი ასეც მოიქცა. ამის შემდეგ ბობ მენენდესის მეუღლემ 60 000 დოლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მიიღო.