„ენ-ბი-სი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ კონგრესმენზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნული შეიარაღების უკრაინის გადაცემის თაობაზე თათბირს დღეს გამართავს.
საუბარია შეიარაღებაზე სახელწოდებით, „სვიჩბლეიდ“ (Switchblade), რომლის ორი მოდიფიკაცია არსებობს. ამ შეიარაღებას აქტიურად იყენებს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები. „სვიჩბლეიდ 300“ განკუთვნილია სამხედრო პერსონალზე დარტყმების მისატანად, ხოლო „სვიჩბლეიდ 600“-ით შესაძლებელია ტანკების, არტილერიის და ჯავშანტექნიკის განადგურება.
„სვიჩბლეიდს“ აღჭურვილია კამერებით და სანავიგაციო სისტემით. მისი გამოყენება შესაძლებელია შორი დისტანციიდან. ეს დრონები უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე თურქული „ბაირაქტარის“ დრონები, რომელსაც უკრაინა ახლა იყენებს.
„სვიჩბლეიდის“ მწარმოებელ კომპანია „აეროვირმონტში“ ჯერ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „აეროვირმონტი“ დგას მოკავშირეებისა და სუვერენული სახელმწიფოების გვერდით მათ უფლებაში დაიცვან სამშობლო და სიცოცხლე, როდესაც ფუნდამენტური პრინციპებს ემუქრებიან“.