ემზარ კვიციანი - თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და ყურში მისტვენენ
ვიგერიებდი თავს, თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად, ასე ვხედავ, მაშინაც ასე ვხედავდი და დღესაც ასე ვხედავ, მაგრამ თქვენ ჟურნალისტებმა მაშინვე დამნაშავედ გამომაცხადეთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
დეპუტატმა გაიხსენა ორი დღის წინ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დეტალები, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მას „რუსეთის მონა“ უწოდეს.
„გამოვედი სასესიო დარბაზიდან, „პატრიოტთა ალიანსი“ ავდექით და წამოვედით. შემდეგ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი სახლში. გამოვიძახე ტაქსი, ტაქსმა მითხრა, რომ გზა დაკეტილიაო, გამოვედი და წამოვედი ტაქსის მიმართულებით, რომ მივდიოდი ესენი დამხვდნენ წინ, ხომ არ მივბრუნდებოდი, არასოდეს მაგათ ასეთი საქციელი ჩემს მიმართ არ ჰქონიათ, რამდენჯერ გამივლია და არაფერი, არც დაუსტვენიათ, არც არაფერი, მშვენივრად გავიარე, მაგრამ იმ დღეს ჰქონდათ მაგათ დავალება, რომ თავს დამსხმოდნენ. რომ მივედი მივესალმე აქეთ პოლიციელებს, შემდეგ მივესალმე აქციის მონაწილეებს, გავიარე პირდაპირ, ტროტუარით მივდიოდი და უცბად დაიწყეს ჩემს უკან ძახილი და სტვენა – „პუტინის მონა“, „მონა“. მე მაინც ვაგრძელებდი გზას, ასე უცებ მთელი ეს ჯგუფი შემომესია, სურათი უნდა შეექმნათ მაგათ, რომ ვითომ გავრბივარ და ისინი მომდევენ. არ გავიქეცი, მაგრამ ისეთი რაღაც დამიძახეს, ახლა ვერ ვიტყვი, გამომიყვანეს მდგომარეობიდან და შემოვტრიალდი ვაგინე. ვიგინებოდი, მაგრამ ხელი არავისთვის დამირტყამს და ეტყობა თქვენ არ იცით, როგორ არის ხელის დარტყმა, ვინც ამ კითხვებს სვამთ. მოვდივარ მე ჩემს გზაზე, შემომეფეთა ჟურნალისტი, გაიარა ჟურნალისტმა, შემომეფეთა შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა, დამეჯახა და წაიქცა პირდაპირ, წავედი ისევ და ისევ ის ახალგაზრდა მოდის წინიდან, იგინება, ერთი უკნიდან მაფურთხებს. მთავარი აქ არის პოლიციის რეაქცია, იმის მაგივრად რომ დავეცავი პარლამენტარი, პოლიციამ შემბოჭა და იმათ კიდევ თავისუფლება მისცა“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
დეპუტატი პარლამენტთან მომხდარს მის მიმართ დაწყებულ დევნად აფასებს.
„წინა დღის ჩემი განცხადებები თუ გაქვთ მოსმენილი, როცა მკაცრად და ძალიან მწვავედ გავაკრიტიკე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი, ამის შემდეგ რომ ეს ხდება. ვერ აკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს სუს-ის მიერ მოწყობილია. ეს დევნა არის აბსოლუტურად ჩემს მიმართ, სასამართლოდან დევნა მიდის, პროკურატურიდან დევნა მიდის, ყველა მხრიდან აბსოლუტურად მიდის დევნა და მათ შორის, ჟურნალისტებიდან დევნა მიდის“, – განაცხადა კვიციანმა.
დეპუტატის თქმით, მას თმენის ვალდებულება არ გააჩნია, როდესაც მისი მისამართით შეურაცხყოფას აქვს ადგილი.
„აქცია იყო ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინც აძლევდა ხმას გახარიას და ახალ მთავრობას, მე ხმა არ მიმიცია და რას მერჩოდნენ, თუ არ იყო ყველაფერი დაგეგმილი ჩემს წინააღმდეგ?! ჩვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია არის, რომ რაღაც გავაკეთებინოთ ამ ხელისუფლებას, დავიბრუნოთ არამარტო დაკარგული ტერიტორიები, არამედ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. როგორც კი ამას დავიწყებთ, ეგრევე, მოსკოვში ზის ჩვენი ქვეყნის მოღალატე იგორ გიორგაძე, რომელსაც არ ეხებიან, რომელსაც ჰყავს აქ თავისი ჯგუფი ბოკერიას ხელმძღვანელობით, რომლითაც იცავს თავს, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთს არ დაუკავშირდნენ, არ მოილაპარაკონ და ტერიტორიები არ დაბრუნდეს, ეს არის მთელი უბედურება ჩვენი ქვეყნის, ამას ემსახურებიან და ატყუებენ ამ ახალგაზრდებს. არანაირი თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ, მაფურთხებენ, მისტვენენ ყურში. მე ღირსებიანი დეპუტატი ვარ და არა უღირსი დეპუტატი, მე ჩემი ცხოვრებით მოვედი დეპუტატობამდე. ჩემი ამომრჩეველი მყავს და მათ დაკვეთას ვასრულებ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ის დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.