ემზარ კვიციანი თავის ინიცირებულ კანონპროექტებზე განმეორებით კენჭისყრას ითხოვს
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი თავის ინიცირებულ კანონპროექტებზე განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, – ამის შესახებ ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.
კვიციანის თქმით, თუ დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრისას შეცდომა დაუშვეს, შესაძლოა, მსგავსი შეცდომა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან და მთის კანონთან დაკავშირებითაც დაუშვეს.
„ზოგადი განათლების კანონპროექტთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ გამაჩნია, მაგრამ სამართლიანობის დასამკვიდრებლად, იმ პერიოდში, როცა მესამედ ვუყარეთ კენჭი, დეპუტატებს შეეშალათ ფერები. იქნებ სხვა დანარჩენი კანონპროექტების კენჭისყრის დროსაც შეეშალათ პატივცემულ დეპუტატებს და მოვითხოვ, სამართლიანობის დამკვიდრებისთვის, ანტიდისკრიმინაციული კანონისა და მთის კანონის ხელახლა გატანას კენჭისყრაზე“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი 5 აპრილს ჩავარდა. მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.