ემზარ კვიციანი - სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და არ გამოვა ქუდზე კაცი
ემზარ კვიციანი - სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და არ გამოვა ქუდზე კაცი

დეპუტატი ემზარ კვიციანი საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს მიმართავს, კანონპროექტში შეიტანონ ჩანაწერი, რომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ კვიციანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

„განხილვის დროს, ბატონო ირაკლი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ ერთი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არ ჩატარებულა არასოდეს სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“,- განაცხადა კვიციანმა.