ემზარ კვიციანი - საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია ლანძღოს
ემზარ კვიციანი - საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია ლანძღოს

საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ საქართველოში რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს.

როგოც ემზარ კვიციანი აცხადებს, რადგან მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიმდინარეობს.

ემზარ კვიციანი “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

მისი თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა უნდა დაწესდეს.

„გვახსოვს, საფრანგეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას რა მოჰყვა. რელიგიური გრძნობები დაცული უნდა იყოს, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიდის. შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ღმერთის მიმართ. ამის გამო, ბიჭებმა იგინეს და დღეს ციხეში სხედან. ეს სამართლიანია? ღმერთის გინების გამო, ადამიანს აგინეს და ახლა შვიდი ახალგაზრდა ციხეშია. საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომ არავის ჰქონდეს სურვილი, ვიღაცის რელიგია და ღმერთი ლანძღოს. ეს კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. შეურაცხყოფისა და კეთილი ნების განმსაზღვრელი ყოველთვის არსებობდა. შეურაცხყოფაა გინება და ისიც, რომ პრეზერვატივზე წმინდანებს დაახატავენ. ეს შეურაცხყოფა არაა? ამ ბოლო დროს მართლმადიდებლობაზე შეტევა წამოვიდა. სიტყვის თავისუფლება ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ეს გამიჯნული უნდა იყოს”, – განაცხადა კვიციანმა.

ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ორ წლამდე.