ემზარ კვიციანი რომან გოცირიძეს - ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი, შენ სამხედრო არ ხარ, შენი სამშობლო არასოდეს დაგიცავს (ვიდეო)
ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაც შევიდეს შენს თავში,- მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.
კვიციანმა ფაფიაშვილს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ „2006 წელს, როდესაც შეიარაღებული ძალები დაძრა მაშინდელმა პრეზიდენტმა კოდორის მიმართულებით, დაირღვა კონსტიტუცია საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალის მიერ“.
ამასთან, კვიციანმა განაცხადა: „სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილი რომ გაამართლა, პარალელურად თუ ირიბად, მეც ხომ გამამართლა? ანუ, ჩვენი საუბარი გაამართლა?გაამართლა ის, რომ ჩემი და ირაკლის საუბარი გაყალბებული იყო. ეს ყველაფერი შემოგვიტრიალეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აგერ უკან მიზის. ამას პირადად არაფერი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მაგრამ დანაშაული ისაა, რომ ამათთან ერთადაა”.
კვიციანის ამ განცხადებებს რომან გოცირიძის რეპლიკა მოჰყვა. „ემზარ, კინო გახსოვს? ის შავი კაცი ვინ იყო მაინც, „შერეკილებში” რომ არის?“
„შენ ამას ვერ გაიგებ, ის შავი კაცი ვინ იყო, რადგან შენ სამხედრო არ ხარ, არ დაგიცავს არასოდეს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, იქნებ რაღაცა შევიდეს შენს თავში“, – მიმართა გოცირიძეს კვიციანმა.