ემზარ კვიციანი - ჰააგაში სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ისინი ვალდებული იყვნენ, ბრძანება შეესრულებინათ
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო პროცესზე სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან სამხედრო ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა უკანონო ბრძანების გამცემს უნდა დაეკისროს, კონკრეტულად კი, მთავარსარდალს, რომელმაც საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლები რუსეთს გადასცა.
„უმაღლესი მთავარსარდალია ყველაფერზე პასუხისმგებელი და არაფერ შუაშია სამხედროები, რადგან ისინი ასრულებდნენ ბრძანებას და ვინც გასცა ბრძანება ქვეყნის საზიანოდ, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ზოგიერთი ვითომ ოპოზიციონერი რომ იძახის, შეცდომა მოუვიდაო, სწორედ ეს არის დიდი შეცდომა. სააკაშვილმა შეგნებულად, მის გუნდთან ერთად ჩაიდინა კოლექტიური ღალატი, რათა დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც გვაქვს. სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეებს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს. რუსეთიდან იყო დიდი მოწადინება, დაგვეკარგა აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ 14 წელი ვიცავდით და ასევე ცხინვალის დარჩენილი სოფლები, რომელიც ავტონომიაში შედიოდა და საქართველო აკონტროლებდა“,-განაცხადა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ემზარ კვიციანის თქმით, აუცილებელია „უკანონო ბრძანების“ შესახებ კანონის არსებობა, რადგან სამხედრო პირს ჰქონდეს საშუალება, უარი თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე.