ემზარ კვიციანი - 20 ივნისის ღამეს ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილიც აკეთებდა მოწოდებებს, ის არც დაკითხულია და არც დაკავებული
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ რუთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამით, აქციაზე საზოგადოებამ ბევრი მოწოდებები მოისმინა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილისგან, რომელიც არც კი დაკითხულა.
„ჩვენ 21 ივნისს ვიხილეთ ბევრი ადამიანი, რომლებიც აკეთებდნენ მოწოდებებს. მახსოვს ასეთ ფრაზა, ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება, გახსოვთ ალბათ ყველას, მაგის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული?“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება.
„რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არსად არ გაქცეულა. დღესაც აქ მოვიდა, ზის აგერ და გისმენთ. ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არ გაიქცევა, რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი, ეგ მაინტერესებს. თუ არის საშუალება, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში დაუდგეს ნიკა მელიას, აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას, ან შინაპატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კოლეგა გაწირა. რადგანაც მოვიყვანეთ აქ, დაასვით, მაშინ კეთილი ინებეთ და დავიცვათ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პატიმრობა შეეფარდოს“, – განაცხადა ემზარ კვიციანიმა.