ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესი თარჯიმანთან დაკავშირებული პრობლემის გამო 20 ნოემბრამდე გადაიდო
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თარჯიმანთან დაკავშირებული პრობლემის გამო 20 ნოემბრისთვის გადაიდო.
პროცესის გადადებამდე დაცვის მხარემ, მტკიცებულებების სახით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები წაიკითხა. დასკვნებში საუბარია, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თურქეთში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში.
ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, მათი პოზიცია დაფუძნებულია, როგორც საერთაშორისო კონვენციებზე, ისე საქართველოს შიდა კანონმდებლობაზეც.
„ჩვენ ვთხოვეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. არსებობს სახალხო დამცველის პირველადი დასკვნა, სასამართლოს მეგობრის პოზიცია. არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაერო-ს და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნები იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც თურქეთში არის შექმნილი ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ასევე, დასკვნები საპატიმროებში არსებულ სიტუაციაზე. აქედან გამოდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა. მოსამზადებელი სხდომის შემდეგ ეს ჩაბუქის საქმის პირველი პროცესი იყო.