ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებად Human Rights Watch-ის ანგარიში წარადგინა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარმოადგინა.
ეს არის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიში, რომელშიც საუბარია თურქეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებზე.
ანგარიშის მიხედვით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით თურქეთში ათასობით ადამიანია დაკავებული.
სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ანგარიში ცხადყოფს თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევას.
„თურქეთის რესპუბლიკაში ადგილი აქვს , ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ მიერ ამჟამად წარმოდგენილი მტკიცებულება, 2018 წლის იანვრის ანგარიშია, რაც ცხადყოფს, რომ თურქეთში არის იმგვარი პრობლემები, რაც „ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს“. ეს არის ციტატა ამ ანგარიშიდან. ანგარიშში ვიგებთ, რომ თურქეთში გრძელდებოდა ადამიანების დაკავება. წინასწარი პატიმრობა 50 000 პირს შეეფარდა. მათ უმეტესობას ბრალი დაედო ფეთჰულა გიულენის მიმდევრობაში. თურქეთის სახელმწიფო გიულენის მოძრაობას მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად. ირღვევა ჟურნალისტების უფლებები, მედიაორგანიზაციებს არ აქვთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოგენილი ანგარიში საფუძვლიანია და უნდა დაერთოს საქმეს.