ემილიანენკომ სონენი პირველივე რაუნდში შეაჩერა | Bellator 208 [ვიდეო]
Bellator 208-ს მთავარი ორთაბრძოლა ორ ვეტერან სპორტსმენს შორის გაიმართა. ერთმანეთს ფედორ „უკანასკნელი იმპერორი“ ემილიანენკო და ჩაელ „ამერიკელი განგსტერი“ სონენი დაუპირისპირდნენ.
„უკანასკნელმა იმპერორმა“ ბრძოლა პირველივე რაუნდში დაამთავრა, თან ისე, რომ მცირედი პრობლემებიც კი არ შექმნია.
სონენმა ბრძოლის წინ გაცემული დაპირება შეასრულა და რაუნდის დაწყების პირველივე წამიდან ფედორთან ხელჩართულ ორთაბრძოლაში ჩაერთო. საკამათოა, თუ რამდენად გამართლებული იყო ეს ტაქტიკა, რადგან ემილიანენკომ იგი ნოკდაუნში პრაქტიკულად ბრძოლის დაწყებისთანავე გაუშვა და ინიციატივას დაეუფლა.
სონენი მდგომარეობის გამოსწორებას პარტერში ცდილობდა, მაგრამ „იმპერორმა“ მას ამის საშუალება არ მისცა და შეხვედრა მალევე დაასრულა.
„თავიდანვე მაგრად მომხვდა. ყველაფერი რაც ფედორმა გააკეთა მტკივნეული იყო,“ – განაცხადა სონენმა ბრძოლის შემდეგ.
გრან პრის ფინალი 26 იანვარს, ლოს ანჟელესში გაიმართება. დასკვნით ორთაბრძოლაში ფედორი რაიან ბადერს დაუპირისპირდება.
დღის სხვა ორთაბრძოლების შედეგები:
ბრაიან ჰენდერსონმა საად ავადი დაამარცხა (გადაწყვეტილება)
ჩეიკ კონგომ ტიმოთი ჯონსონი დაამარცხა (ნოკაუტი)
ანატოლი ტოკოვმა ალექსანდრ შლემენკო დაამარცხა (გადაწყვეტილება)
ჰენრი კორალესმა ენდი მეინი დაამარცხა (ნოკაუტი)