ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოეული 4000 ლარით დაფინანსდება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
სააგენტოს ცნობით, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.