საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს.
ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბუენოს აირესიდან გამგზავრებამდე განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, მას „არასდროს გამოურიცხავს“ პუტინთან მოლაპარაკებების განახლება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამას გააკეთებს მაშინ, „როდესაც კონტექსტი და პირობები შესაფერისი იქნება“.
უკრაინაზე ბოლოს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით მაკრონმა აღნიშნა, რომ პუტინს „არ სურს მშვიდობა“ და „არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის“.
„ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინელების წინაშე, სხვა სიტყვებით, მივცეთ მათ ამ ომის წარმოების საშუალება იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებით“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პუტინთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მაკრონმა განაცხადა: „ვფიქრობ, ყველა ლიდერი აბსოლუტურად თავისუფალია თავის ინიციატივებში“.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.